აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ვერ დაძლია აშშ-ს პრეზიდენტის მიერ კონგრესის რეზოლუციისთვის დადებული ვეტო, რომლითაც მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობა უქმდებოდა.

 

წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ ვერ მოიპოვეს ხმათა 2/3, რომელიც საჭიროა ვეტოს დასაძლევად. ვეტოს დაძლევის ინიციატივას მხარი დაუჭირა 248 კანონმდებელმა, წინააღმდეგ კი 181 წავიდა.

 

კენჭისყრამდე წარმომადგენელთა პალატაში „დემოკრატებმა“ განაცხადეს, რომ ტრამპმა საგანგებო მდგომარეობის შემოღებით კონსტიტუცია დაარღვია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას აშშ-ს კონგრესის ორივე პალატაში, წარმომადგენელთა პალატაში და სენატში, ხმათა 2/3 სჭირდება. ვინაიდან წარმომადგენელთა პალატამ ვერ შეძლო ვეტოს დაძლევა, შესაბამისი პროცედურა სენატში უკვე აზრს კარგავს.

 

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას მექსიკასთან საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის შემოღების შესახებ. აღნიშნული ნაბიჯი პრეზიდენტს საშუალებას აძლევს მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის საჭირო თანხა კონგრესის გვერდის ავლით მოიძიოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.