აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ წაყენებული ორი ბრალდება დაამტკიცა, რითაც „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკელი“ პრეზიდენტი იმპიჩმენტის ზღვარზე დააყენეს, - ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება.

 

აღნიშნულმა კომიტეტმა 23 ხმით 17-ის წინააღმდეგ დაამტკიცა იმპიჩმენტის მუხლები, რომელიც ტრამპის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლას შეეხება.

 

მომავალ კვირაში დოკუმენტს კენჭს წარმომადგენელთა პალატა უყრის, სადაც უმრავლესობას „დემოკრატები“ წარმოადგენენ.

 

„დემოკრატები“ აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპმა ძალაუფლება ბოროტად გამოიყენა, როდესაც სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკიზე ზეწოლას ახდენდა და სთხოვდა, პოლიტიკური მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენისა და მისი შვილის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე გამოძიება დაეწყო.

 

მათივე მტკიცებით, ტრამპმა გაყინა უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო დახმარება, 400 მილიონი აშშ დოლარი, რათა ამ გზით დაეყოლიებინა ზელენსკი თეთრ სახლში შეხვედრის დროს ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გაეკეთებინა.

 

დემოკრატები ასევე აცხადებენ, რომ დონალდ ტრამპი აიძულებდა უკრაინის ხელისუფლებას, დაეწყოთ გამოძიება მოსაზრების გარშემო, რომლის თანახმადაც, აშშ-ის 2016 წლის არჩევნებში არა რუსეთი, არამედ უკრაინა ჩაერია.

 

რაც შეეხება გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდებას, დემოკრატები ამტკიცებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ადმინისტრაციის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს, მათ შორის, სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს, დაავალა იმპიჩმენტის საკითხე დაწყებულ გამოძიებასთან არ ეთანამშრომლათ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.