Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა.

 

Facebook მიერ განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გაუქმებული გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

 

                                         

 

 ეს გვერდები პოზიციონირებდნენ, როგორც ახალი ამბების სააგენტოები და იმიტირებდნენ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო პირებსა და მედიებს. გვერდების ადმინასტრატორები და ანგარიშების მფლობელები, როგორც წესი, ადგილობრივ ახალ ამბებსა და პოლიტიკურ საკითხებზე პოსტავდნენ, მაგალითად, როგორიცაა არჩევნები, სამთავრობო პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ჯგუფების კრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ანგარიშების უკან მდგომი ადამიანები ცდილობდნენ, დაეფარათ თავიანთი იდენტობა და კოორდინირებული მუშაობა, ჩვენი გამოძიებით ეს აქტივობები საქართველოში მოქმედ სარეკლამო კომპანია პანდასა და ქართული ოცნების ხელისუფლებას უკავშირდება,"- წერია Facebook-ს განცხადებაში.

 

                                              

 

Facebook-ის ცნობით, 442 300 ანგარიში მიყვებოდა გაუქმებული გვერდებიდან ერთს ან რამდენიმეს და, დაახლოებით, 52 000 ანგარიში გაწევრიანებული იყო გაუქმებული ჯგუფებიდან ერთში ან რამდენიმეში და, დაახლოებით, 2 100 ადამიანს ჰქონდა გამოწერილი ერთი ან რამდენიმე გაუქმებული Instagram-ანგარიშიდან.

 

რაც შეეხება რეკლამას, 316 000 დოლარია დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე სხვადასხვა სახის რეკლამირებისთვის.

 

Facebook-ის პოლიტიკის მიხედვით, სოციალური მედიის გიგანტი აუქმებს არაავთენტურ ქმედებებში ჩართულ ანგარიშებს, რომელთა მიზანიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანა და მანიპულაციური ხერხებით მათ შეხედულებებზე გავლენის მოხდენაა. სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ორგანიზაციამ მსგავსი ოპერაციები პირდაპირ ქვეყნების მთავრობებს დაუკავშირა, მათ შორის, რუსეთისა და ჩინეთის შემთხვევებში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.