აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ომი არ სურს, თუმცა ამერიკელი ხალხის დასაცავად საჭირო გადაწყვეტილებებს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მიიღებს. BBC-ის ცნობით, ამის შესახებ მან ფლორიდაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„ჩემი ბრძანებით სამხედროებმა მოკლეს ტერორისტი, რომელიც ათასობით ადამიანის, მათ შორის ასობით ამერიკელის მკვლელობაზეა პასუხისმგებელი. ყასემ სულეიმანი მოკლულია და მისი სისხლიანი მმართველობა დასრულებულია. ის ძალიან მასშტაბურ თავდასხმებს გეგმავდა. აშშ მშვიდობისმოყვარე ქვეყანაა, ჩვენ სხვა ქვეყნებთან მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბება გვსურს. ჩვენ არ ვეძებთ ომს ან რეჟიმის შეცვლას, მაგრამ როდესაც ამერიკელების უსაფრთხოების და დაცვის საკითხი დგას, მე ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვმოქმედებ“, - განაცხადა ტრამპმა.

 

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.

 

პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.

 

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

 

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.