ირანთან დაძაბულობის ფონზე აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 3 000 სამხედროს გაგზავნის. ინფორმაციას CNN-ი პენტაგონის წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს. დამატებითი ძალები სწრაფი რეაგირების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიაში ირიცხებიან.

 

მანამდე პენტაგონის ხელმძღვანელმა მაიკ ესპერმა განაცხადა, რომ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე იერიშის შემდეგ რეგიონში 750 სამხედროს გააგზავნიდა.

 

აშშ-ის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ერაყში ირანის გაძლიერება კარგად არ დასრულდება.

 

ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში მოკლეს.

 

პირველ იანვარს აშშ-ის საელჩომ ბაღდადში მოქალაქეებისთვის საკონსულო მომსახურება შეწყვიტა.

 

31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ის მიერ ერაყში „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე მიტანილი იერიშის გამო დაწყებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა აშშ-ის საელჩოზე თავდასხმა განახორციელეს.

 

მანამდე აშშ-ის ქმედებები ერაყის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო, ირანმა კი, რომელიც „ქატაიბ ჰეზბოლას“ უჭერს მხარს, თავდასხმას „ტერორიზმის ნათელი მაგალითი“ უწოდა. აშშ-ის საჰაერო ძალებმა სირიასა და ერაყში დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ობიექტებზე იერიში 29 დეკემბერს მიიტანეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.