„სანამ აშშ-ის პრეზიდენტი ვარ ირანს ბირთვული იარაღის ქონის უფლება არასოდეს ექნება“, - ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ირანში განვითარებულ მოვლენებისადმი მიძღვნილ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მის მიმართვას BBC ავრცელებს.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო ძალის გამოყენება არ სურს, თუმცა ერაყში სამხედრო ბაზებზე ირანის მიერ განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ თეირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.

 

ტრამპმა განაცხადა, რომ თავდასხმების შედეგად არავინ დაღუპულა და ბაზებმა მინიმალური ზარალი განიცადეს. პრეზიდენტის თქმით, ირანმა უკან დახევა გადაწყვიტა, რაც მთელი მსოფლიოსთვის ძალიან კარგია.

 

მან 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმებაც ახსენა და გაერთიანებულ სამეფოს, რუსეთს, საფრანგეთსა და ჩინეთს ხელშეკრულების ნარჩენებიდან გასვლისკენ მოუწოდა. „ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ ირანთან ახალი ხელშეკრულების გასაფორმებლად, რომელიც მსოფლიოს უფრო უსაფრთხოს და მშვიდობიანს გახდის“, - განაცხადა ტრამპმა.

 

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ნატოს ხელმძღვანელობას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურ მონაწილეობას სთხოვს.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ირანული სახელმწიფო მედიის ცნობით, ერაყში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიშის შედეგად არანაკლებ 80 „ამერიკელი ტერორისტი“ დაიღუპა, ხოლო ბაზაზე განთავსებული ვერტმფრენები და სხვა აღჭურვილობა ძალინ დაზიანდა.

 

ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსანი წარმომადგენლის განცხადებით, ირანი მზადაა იერიში კიდევ 100 ამერიკულ ობიექტზე მიიტანოს, თუ ვაშინგტონი საპასუხო ზომების მიღებას გადაწყვეტს.

 

როგორც ირანში განაცხადეს, ეს სარაკეტო დარტყმები აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციისთვის შურისძიებას წარმოადგენს. ამასთან, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ განცხადება გაავრცელა და აშშ- მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.

 

5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს.

 

გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.