აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა მიიღო რეზოლუცია, რომელიც დონალდ ტრამპს მოუწოდებს, ირანთან დაკავშირებით სამხედრო მოქმედებები კონგრესს წინასწარ შეუთანხმოს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNBC ავრცელებს.

 

დემოკრატ ელისა სლოტკინის მიერ ინიციირებულ რეზოლუციას ხმა 224 კანონმდებელმა მისცა, წინააღმდეგი კი 194 იყო.

 

მიუხედავად იმისა, რომ რეზოლუციას კანონის ძალა არ აქვს, წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი დარწმუნებულია, რომ ტრამპი კონგრესის თანხმობის გარეშე სამხედრო მოქმედებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებებს ვეღარ მიიღებს.

 

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი ყასემ სულეიმანი მოკლეს. გენერალი სულეიმანი „ალ-ქუდსის“ ძალების მეთაური იყო. „ალ ქუდსი“ ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფია, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ასე თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური. ამასთან ერთად, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აშშ-ს მოუწოდა, თავი შეიკავოს საპასუხო ნაბიჯებისგან.

 

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმიც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ვაშინგტონს სამხედრო დაპირისპირება არ სურს, თუმცა თავდასხმის გამო ირანს ახალ სანქციებს დაუწესებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.