უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავის კატასტროფაზე საუბრისას ამერიკის პრეზიდენტი მეორე მხარის შეცდომას არ გამორიცხავს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავისი ეჭვები აქვს, თუმცა ამაზე საუბარი არ სურს.

 

„მე მაქვს ჩემი ეჭვები, მაგრამ არ მსურს ამაზე საუბარი, რადგან სხვა ადამიანებს თავისი ეჭვები აქვთ. ვინმემ შესაძლოა, დაუშვა შეცდომა მეორე მხარეს, არა ჩვენმა სისტემამ. ზოგი ამბობს, რომ მექანიკური. მე ეს არ ვიცი. მართლაც საშინელი რამ მოხდა“, - განაცხადა ტრამპმა.

 

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ამერიკის ოფიციალური პირები სატელიტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ამბობენ, რომ Boeing 737-800-ის მიმართულებით სარაკეტო დარტყმას ჰქონდა ადგილი.

 

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.

 

CBS News-ი კი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება იპოვა, რომელსაც სხვა, აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა.

 

ეს ვერსია კატასტროფის პირველივე დღიდან უარყო თავად ირანმა, როდესაც ინფორმაცია იორდანული წყაროებით გავრცელდა.

 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

 

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.