კანადის პრემიერმინისტრის ჯასტინ ტრიუდოს განცხადებით, „უკრაინული ავიახაზების“ თვითმფრინავი ირანმა ჩამოაგდო, ამის შესახებ СNN წერს. გამოცემის ცნობით, კანადის დაზვერვის მონაცემებით, თვითმფრინავი ირანის რაკეტამ (მიწა-ჰაერი) ჩამოაგდო.

 

„შესაძლოა ეს არ იყო გამიზნული,“- განაცხადა ტრიუდომ. კანადის პრემიერის განცხადებით, უნდა ჩატარდეს გამოძიება, რომ მომხდარის ზუსტი მიზეზები დადგინდეს.

 

BBC-ის ცნობით, ამერიკის ოფიციალური პირები სატელიტის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე ამბობენ, რომ Boeing 737-800-ის მიმართულებით სარაკეტო დარტყმას ჰქონდა ადგილი.

 

ბრიტანული მედია აღნიშნავს, რომ ავიაკატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზები დაბომბა.

 

CBS News-ი კი წერს, რომ ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, სატელიტმა ორი რაკეტის ინფრაწითელი გამოსახულება იპოვა, რომელსაც სხვა, აფეთქების ამსახველი გამოსახულებაც მოჰყვა.

 

ეს ვერსია კატასტროფის პირველივე დღიდან უარყო თავად ირანმა, როდესაც ინფორმაცია იორდანული წყაროებით გავრცელდა.

 

ირანის სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციამ უკრაინული ლაინერის კატასტროფის გამოძიების პირველი შედეგები 9 იანვარს გამოაქვეყნა. ირანელი სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ბორტზე ტექნიკური პრობლემები შეიქმნა.

 

თეირანში „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების“ კუთვნილი Boeing 737 8 იანვარს ჩამოვარდა. ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 9 წევრი იყო. ყველა მათგანი დაიღუპა. მსხვერპლთა შორის 7 ქვეყნის მოქალაქეები არიან. კერძოდ, უკრაინელები, ირანელები, კანადელები, შვედები, ავღანელები, გერმანელები და ბრიტანელები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.