ირანი ამერიკის ოთხ საელჩოზე თავდასხმას გეგმავდა, განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-თან ინტერვიუში.

 

კონკრეტულად რომელ ქვეყანაში განთავსებულ საელჩოებს გულისხმობს, ამ შეკითხვაზე საპასუხოდ პრეზიდენტმა თქვა, რომ სავარაუდოდ, ეს ბაღდადი უნდა ყოფილიყო. სხვა ქვეყნები ტრამპს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დაამატა, რომ მოსალოდნელ საფრთხეებზე კონკრეტულ ინფორმაციებს ფლობდნენ.

 

„ჩვენ გეტყვით, რომ ეს სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო საელჩო ბაღდადში. შემიძლია გითხრათ, რომ, როგორც მე მიმაჩნია, ეს უნდა ყოფილიყო ოთხი საელჩო“, – ამბობს ტრამპი. ინტერვიუს სრული ვერსია მოგვიანებით გავა ეთერში.

 

ირანმა ერაყში ამერიკულ ბაზებზე სარაკეტო იერიში 8 იანვარს გამთენიისას მიიტანა. ამით თეირანმა ამერიკელი სამხედროების მიერ გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობისთვის იძია შური.

 

ამავე დღეს თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი ჩამოვარდა, რასაც ყველა მგზავრი ემსხვერპლა. რიგმა ქვეყნებმა მათ შორის აშშ-მ, მომხდარში თეირანი დაადანაშაულეს.

 

11 იანვარს კი ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო. ამ ყველაფერს წინ უძღოდა არეულობა ერაყში და ბაღდადში ამერიკის საელჩოზე თავდასხმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.