რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და "სამხრეთ ოსეთთან" თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომენტრიანი კორიდორის ფარგლებში, და ამგვარად ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა იმის შესახებ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია , - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც „ღია ცის შეთანხმებიდან“ აშშ-ის გასვლის გადაწყვეტილებას ეხება.

 

მაიკ პომპეოს განცხადებით, ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები „ღია ცის შეთანხმებას“ დეპოზიტარებს და ყველა მონაწილე სახელმწიფოს ოფიციალურად შეატყობინებს შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილების შესახებ და 6 თვის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმების მონაწილე მხარე აღარ იქნება.

 

“რუსეთი ხელშეკრულებას წლების განმავლობაში აშკარად და მუდმივად არღვევდა სხვადასხვა გზით. მიუხედავად იმისა, რომ ღია ცის ხელშეკრულება ნდობის აღდგენისკენ ისწრაფვოდა, რუსეთი მუდმივად ისე იქცეოდა, თითქოს თავისუფლად შეეძლო საკუთარი ვალდებულებებს გამოთიშვოდა და სურვილისამებრ, უკანონოდ უარყოფდა ან ზღუდავდა „ღია ცის“ სადამკვირვებლო ფრენებს, როდესაც მოესურვებოდა. რუსეთმა უარი თქვა, დაეშვა სადამკვირვებლო ფრენები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან თავისი საზღვრის გასწვრივ 10-კილომენტრიან კორიდორში, და ამგვარად ცდილობდა, ყალბი პრეტენზია განეცხადებინა იმის შესახებ, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელი სახელმწიფოებია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

შეთანხმების სხვა დარღვევებს შორის, პომპეო ასახელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში საწვავის გამართვის მიზნით აეროდრომის მოწყობას, ასევე კალინინგრადის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვას.

 

მაიკ პომპეო არ გამორიცხავს, რომ ამერიკულმა მხარემ შეთანხმებიდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედოს, თუ რუსეთი მისი პირობების სრულ შესრულებას დაუბრუნდება.

 

„ჩვენ გვესმის, რომ ჩვენი მრავალი მოკავშირე და პარტნიორი ევროპაში ჯერ კიდევ ღირებულად მიიჩნევენ ხელშეკრულებას და მადლობას ვუხდით იმ უკუკავშირისთვის, რომელიც მათ ამ კითხვების განხილვის დროს შემოგვთავაზეს და რომ არა მათ მიერ ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ეს მნიშვნელობა, ჩვენ, ალბათ, მას დიდი ხნის წინ დავტოვებდით.

 

თუმცა ჩვენ ვერ დავრჩებით იარაღზე კონტროლის ისეთ შეთანხმებებში, რომლებსაც სხვა მხარე არღვევს და რომლებიც აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების ძირის გამოსათხრელად და არა მის მხარდასაჭერად. როგორც უკვე აღვნიშნეთ, შესაძლოა, მოვისურვოთ ამ გადაწყვეტილების გადახედვა, თუ რუსეთი აჩვენებს, რომ ნდობის გამყარების შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებას დაუბრუნდა, თუმცა კრემლის კურსის ამგვარი ცვლილების გარეშე, ჩვენი გზა ექვს თვეში შეთანხმების დატოვებით დასრულდება“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

ღია ცის შესახებ ხელშეკრულება 1992 წელს ჰელსინკიში მიიღეს და იგი სამხედრო-სადაზვერვო ინფორმაციის ლეგალურად მოპოვებას ითვალისწინებს ხელმომწერ სახელმწიფოებს შორის. დოკუმენტზე ხელი 34 ქვეყანას აქვს მოწერილი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.