აშშ-ის ქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ მოკლულ ჯორჯ ფლოიდს კორონავირუსი ჰქონდა გადატანილი. NBCNews-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში, რომელიც გარდაცვლილის ოჯახთან შეთანხმებით ჰენეპინის ოლქის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

„ცნობილია, რომ 3 აპრილს კორონავირუსზე ჩატარებული გამოკვლევის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. თუმცა, 46 წლის ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამომწვევ ფაქტორებს შორის კორონავირუსი არ ყოფილა. ფლოიდის გარდაცვალება გამოიწვია კარდიოპულმონარულმა შოკმა (გულისა და სუნთქვის გაჩერება), რაც დაკავებისას პოლიციის მიერ გამოყენებულ მეთოდებს მოჰყვა. ფლოიდის ორგანიზმში აღმოჩენილია ნარკოტიკული საშუალებია მეტამფეტამინის გამოყენების კვალი“, - აღნიშნავს ოლქის მთავარი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ენდრიუ ბეიკერი.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.