აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, უილიამ ბარმა განაცხადა, რომ საპროტესტო აქციებზე განხორციელებული ძალადობის გამოძიებამ ცხადყო, რომ არა მხოლოდ სხვადასხვა ექსტრემისტი იყენებს არეულობას საკუთარი მიზნებისათვის, არამედ გარე ძალებიც მონაწილეობენ მასში.

 

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ დემონსტრაციებში სამი სხვადასხვა აქტორია ჩართული. კერძოდ, მშვიდობიანი მომიტინგეები, მძარცველები და ექსტრემისტული აგიტატორები.

 

უილიამ ბარმა აღნიშნა, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ამ ექსტრემისტებში „ანტიფა“ და სხვადასხვა პოლიტიკური მრწამსის სხვა ჯგუფები შედიან, ასევე გარე ძალები, რომლებიც ყველა მხარეს თამაშობენ ძალადობის წასაქეზებლად.

 

აშშ-ში საპროტესტო აქციები ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოჰყვა. 28 მაისს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა მინეაპოლისის პოლიციის შენობა დაიკავეს და ცეცხლი წაუკიდეს. 30 მაისს ფლოიდის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს ბრალი წინასწარი განზრახვის გარეშე მკვლელობის მუხლით წაუყენეს. საპროტესტო აქციების გამო 25-ზე მეტ ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა. 2 ივნისს დამოუკიდებელმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ასფიქსია გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.