აშშ რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა.

 

„აშშ აღშფოთებულია რუსული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომელიც საიდუმლო სასამართლო პროცესისა და საიდუმლო მტკიცებულებების საფუძველზე შედგა. ჩვენ პოლ უილანის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

 

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ჯაშუშობაში ბრალდებულ ამერიკელ ყოფილ ქვეითს, პოლ უილანს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

ამერიკელი პოლ უილანი მოსკოვში ჯაშუშობის ბრალდებით 3 იანვარს დააკავეს. პოლ უილანის დაცვის მხარემ განაცხადა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

 

რუსეთში აშშ-ის ელჩმა, ჯონ სალივანმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით.

 

„იმედგაცრუებული ვარ. ამერიკის მოქალაქეს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს იმ დანაშაულისთვის, რომელშიც მისი მონაწილეობა ვერ დაამტკიცა ბრალდების მხარემ“, - განაცხადა ელჩმა.

 

აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარემ ბოლომდე არ გაასაჯაროვა საქმის გარემოებები. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებაში მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ პოლ უილანი ჯაშუშური აქციის დროს დააკავეს. თავად პოლ უილანი აცხადებს, რომ ის პროვოკაციის მსხვერპლი გახდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.