მომდევნო კვირას აშშ გოლანის სიმაღლეებზე ისრაელის სუვერენიტეტს აღიარებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელური მედია ამერიკელ და ისრაელელ ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, აშშ-ს ხელისუფლება ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას ვაშინგტონში ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს ვიზიტის დროს გააკეთებს.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინ ისრაელს ვიზიტით ეწვია აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო.

 

„ვფიქრობ, დროა საერთაშორისო საზოგადოებამ აღიაროს ის ფაქტი, რომ გოლანის სიმაღლეები ყოველთვის იქნება ისრაელის ნაწილი“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მაიკ პომპეოსთან შეხვედრაზე.

 

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა შესახებ 2018 წლის ანგარიშში გოლანის სიმაღლეები არ იყო მოხსენიებული, როგორც ისრაელის მიერ ოკუპირებული ტერიტორია. ანგარიშში აღნიშნული ტერიტორია მოხსენიებული იყო, როგორც ისრაელის მიერ კონტროლირებადი.

 

შეგახსენებთ, რომ გოლანის სიმაღლეებს, რომელიც სირიას ეკუთვნოდა, ისრაელი 1967 წლის 6-დღიანი ომის შემდეგ აკონტროლებს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.