ავსტრალიის შტატ ახალ სამხრეთ უელსში ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობა შტატში 3 იანვარს, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ამოქმედდება და ერთ კვირას გაგრძელდება. ეს ხელისუფლებას იძულებითი ევაკუაციის განხორციელების და გზების გადაკეტვის საშუალებას მისცემს.

 

ამასთან, დღესვე ახალ სამხრეთ უელსსა და მეზობელ შტატ ვიქტორიაში მასშტაბური ევაკუაცია გამოცხადდა.

 

ტყის ხანძრები ავსტრალიაში 2019 წლის სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას უკვე 18 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურებულია 1 200-ზე მეტი სახლი. კვირის განმავლობაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად 17 ადამიანი გამოცხადდა.

 

18 დეკემბერს საშუალო ტემპერატურამ ავსტრალიაში 41.9 გრადუსს მიაღწია, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე აღმოჩნდა. ტურისტებს ავსტრალიაში მოგზაურობისას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდეს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.