ისრაელის პრემიერმინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანთან მიმართებით დონალდ ტრამპის ქმედებებს იწონებს. ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს უსაფრთხოების საქმეში დახმარება აღუთქვა.

 

„პრეზიდენტი ტრამპი ძლიერი და სწრაფი ქმედებისთვის პატივისცემას იმსახურებს. მინდა გავიმეორო, ისრაელი უსაფრთხოების, მშვიდობისა და თავდაცვის საქმეში აშშ-ის გვერდით დგას“, - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

 

https://twitter.com/i/status/1213784169899286535

მისივე თქმით, სულეიმანიმ წამოიწყო, დაგეგმა და განახორციელა ბევრი ტერაქტი ახლო აღმოსავლეთსა და მის ფარგლებს გარეთ.

 

სულეიმანიმ მრავალი ამერიკელის და სხვა ბევრი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი.

 

ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.