ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკელ კოლეგას „ამპარტავანი ჯამბაზი“ უწოდა. განცხადება მოჰამედ ჯავად ზარიფმა Twitter-ზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მაიკლ პომპეომ განაცხადა, რომ ერაყელები ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის ლიკვიდაციას ზეიმობდნენ.

 

„ამპარტავანმა ჯამბაზმა, რომელიც თავს დიპლომატად ასაღებს, განაცხადა, რომ ერაყში ხალხი ცეკვავს. დღეს მას ამაზე პასუხი ასობით ათასმა ჩვენმა ერაყელმა ძმამ და დამ გასცა. დასავლეთ აზიაში ამერიკის მტრული ყოფნის დასასრულის დრო მოვიდა“, - წერს ირანის პირველი დიპლომატი.

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.