ირანის ქალაქ ქერმანში დონალდ ტრამპის ბრძანებით მოკლული გენერალი ყასემ სულეიმანი დაკრძალეს. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო ISNA წერს.

 

დაკრძალვის ცერემონიაზე ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ისინი „სიკვდილი ამერიკას“ სკანდირებდნენ.

 

სულეიმანი 7 იანვარს უნდა დაეკრძალათ, თუმცა ცერემონია გადაიდო. ამის მიზეზი კი ის გახდა, რომ მსვლელობისას ჭყლეტა მოხდა, რომელსაც ბოლო მონაცემებით, 56 ადამიანი ემსხვერპლა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

 

8 იანვარს, გამთენიისას ირანმა გენერლის მკვლელობის საპასუხოდ ერაყში ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა.

 

ირანელი გენერალი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. 5 იანვარს ირანმა აშშ-ის მიერ გენერალის მოკვლის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიმართა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი.

 

ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.