თეირანში დემონსტრანტების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი გაუშვეს და ცეცხლი გახსნეს. ამის შესახებ Deutsche Welle სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე დაყრდნობით წერს, თუმცა გამოცემა აღნიშნავს, რომ ვიდეოს ნამდვილობა ჯერ დადასტურებული არ არის.

 

ვიდეო, რომელიც ნიუ-იორკში დაფუძნებულმა ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციამ დაპოსტა, კვირას განვითარებულ მოვლენებს ასახავს. გამოსახულებაში არის მიწაზე სისხლის ლაქები და ამ რაიონში მოძრავი უსაფრთხოების თანამშრომლები.

 

სხვა გავრცელებულ ფოტოებზე ჩანს, როგორ ურტყამენ პოლიციელები დემონსტრანტებს ხელკეტებს.

 

თეირანის პოლიციის უფროსი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.

 

ირანში მიმდინარე მოვლენებს ცოტა ხნის წინ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გამოეხმაურა. მან „ტვიტერში“ ფარსისა და ინგლისურ ენებზე განცხადება გამოაქვეყნა, სადაც თეირანს მოუწოდა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ იბრძოლონ:

 

„ნუ დახოცავთ თქვენს მომიტინგეებს. თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით და დააპატიმრეთ. მთელი მსოფლიო გადევნებთ თვალს! ჩართეთ ინტენეტი და ნება მიეცით ადამიანებს თავისუფლად გამოთქვან პროტესტი. შეწყვიტეთ საკუთარი დიდებული ხალხის მოკვლა!“- დაწერა ტრამპმა.

 

ირანში რამდენიმე უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო ანტისამთავრობო დემონსტრაციები მიმდინარეობს.

 

თეირანში უკრაინული ავიახაზების თვითმფრინავი 8 იანვარს ჩამოვარდა, რასაც 176 მგზავრი ემსხვერპლა. 11 იანვარს ირანმა განაცხადა, რომ ავიალაინერი შეცდომით ჩამოაგდო, პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი მომხდარი უპატიებელი ადამიანური შეცდომით ახსნა, თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა ელიტურმა სამხედრო ქვედანაყოფმა, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა“ აიღო. ამის შემდეგ თეირანში აიათოლა ალი ხამენეის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო.

 

 

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.