სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის ახალი კორონავირუსით გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ ზოგადი რეკომენდაციები გამოაქვეყნა.

 

ძირითადი რეკომენდაციები:

 

- უზრუნველყავით სავაჭრო კომპლექსში ერთიანი შესასვლელისა და გასასვლელის შერჩევა;

 

- ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;

 

- ერთიან შესასვლელთან განათავსეთ დეზობარიერი, მასზე გავლის შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით;

 

- აკონტროლეთ მომხმარებელთა ნაკადი შესაბამისი უსაფრთხო დისტანციის დაცვით მოლის საერთო სივრცეში;

 

- მოლის საერთო სივრცეში უზრუნველყავით შენარჩუნდეს 10მ2 ფართზე 1 ადამიანის, ხოლო ინდივიდუალური ფართით მოსარგებლეთა სივრცეში 5მ2 ფართზე 1 ადამიანის დაშვების შესაძლებლობა;

 

- მოლის სივრცეში არ დაუშვათ მომხმარებელი ნიღბის გარეშე;

 

- აკონტროლეთ ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით.

 

- უზრუნველყავით საერთო გამოყენების ფართის ყოველდღიური დალაგება და დეზინფექცია სველი წესით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის № 01-123/ო ბრძანების ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციისა და მართვის უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ სათანადო დანართის შესაბამისად;

 

- უზრუნველყავით ესკალატორების სახელურების, ლიფტის ღილაკების, მოაჯირების, კარების სახელურების, საბანკო ტერმინალების და ხშირად გამოყენებული ზედაპირების სადეზინფექციო ხსნარით დამუშავება ყოველ 2 საათში ერთხელ;

 

- უზრუნველყავით სანიტარული კვანძების დალაგება და დეზინფექცია დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2-საათიანი ინტერვალებით;

 

- ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უზრუნველყავით მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ;

 

- საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აიკრძალოს სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.