კარგი იქნებოდა, წინასწარ უფრო მეტი ინფორმაცია გვქონოდა და გვემსჯელა ამ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ, იმისთვის, რომ ნებსით თუ უნებლიედ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფოთელმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა წმინდა სინოდის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

 

კითხვაზე, დაუჭერდა თუ არა მეუფე პეტრეს მღვდელმთავრობიდან გადაყენებას მხარს, სინოდის სხდომას რომ დასწრებოდა, მეუფე გრიგოლმა უპასუხა, რომ ის არასდროს არავის წინააღდმეგ არ მისცემს ხმას და საკითხის უკეთესად შესწავლას მოითხოვდა.

 

„მე მოვითხოვდი საკითხის უკეთესად შესწავლას. მე არასდროს არავის წინააღმდეგ არ მივცემ ხმას, მომხრე ვარ, რომ უფრო სიღრმისეულად მოხდეს საკითხების განხილვა და ჩვენს წინაშე დავაყენოთ ჩვენი საკლესიო ერთობა, რომელიც სასიცოცხლოდ საჭიროა პატარა ერისთვის, როგორიც საქართველოა,“– განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

მისივე თქმით, მღვდელმთავრის გადაყენების მასშტაბის გადაწყვეტილებას წინ მეტი ინფორმაცია და მოსამზადებელი სამუშაო უნდა უძღოდეს.

 

„ის, რაც ახლა მოხდა, ეს არც ჩემთვის იყო ცნობილი და საერთოდ, არ არის ხოლმე წინასწარ ცნობილი სინოდის სხდომაზე განსახილველი საკითხების ნუსხა. ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ვითარებაში, როცა საქართველოს ჰყავს გარე და შიდა მტერი, როცა ასეთი ურთულესი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, ეკლესია ჩვენი არსებული რეალობიდან და მისი სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ მნიშვნელოვანი ორგანიზმი და ინსტიტუციაა და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის როგორც სადღეისო, ასევე სამომავლო ჭრილში. ამას მოფრთხილება და დაფიქრებული მიდგომა სჭირდება. კარგი იქნებოდა, რომ ყოფილიყო კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია, წინდაწინ ამის შესახებ გვემსჯელა და განგვეხილა ამ საკითხის დადებითი და უარყოფითი მხარეები, იმისთვის, რომ ნებსით თუ უნებლიედ მტრის წისქვილზე არ დავასხათ წყალი. იმედს ვიქონიებ, რომ კარგად იფიქრა სინოდის ყველა წევრმა და დარწმუნებულები არიან თავისი გადაწყვეტილების სისწორეში“, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

 

გარდა ამისა, მეუფე გრიგოლი მიესალმება დეკანოზ მამალაძესთან დაკავშირებით წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.