აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გლობალური დათბობა სერიოზული საკითხია, თუმცა გარემოს დაცვა სამუშაო ადგილების შექმნას ხელს არ უნდა უშლიდეს. თეთრი სახლის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

 

„გლობალური დათბობა აფიორა არაა, ეს ძალიან სერიოზული საკითხია. მე სუფთა ჰაერი და სუფთა წყალი მინდა. გარემოს დაცვა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვიღაცამ ჩემზე წიგნი დაწერა, სადაც გარემოსდამცველი მიწოდა. წიგნს ჰქვია „The Environmentalist“ („გარემოსდამცველი“). ეს წიგნი ჩემს ოფისში მაქვს, შემდეგ პრესკონფერენციაზე მოგიტანთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაგიკვირდებათ.

 

მე მჯერა გარემოს დაცვის, ჰაერი და წყალი სუფთა უნდა იყოს, მაგრამ სამუშაო ადგილების შექმნაც მინდა. არ მინდა ჩვენი ინდუსტრიის დახურვა მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცამ თქვა - „ქარი გამოიყენეთ“. ამით ჩვენ დასახულ მიზნებს ვერ მივაღწევთ. ჩვენ სამუშაო ადგილების შექმნის მხრივ უპრეცედენტო პროგრესი გვაქვს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ტრამპმა.

 

გასულ წელს ტრამპმა რამდენჯერმე გააკრიტიკა გარემოსდამცველები და განაცხადა, რომ გლობალური დათბობის შესახებ საუბრები აფიორაა.

 

2019 წლის 5 აგვისტოს აშშ-მა ოფიციალურად შეატყობინა გაეროს პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების შესახებ. მოგვიანებით, სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ აშშ კლიმატის ცვლილების შესახებ პარიზის შეთანხმებას აღარ დატოვებს, თუმცა მასში საკუთარ მონაწილეობასთან დაკავშირებით პირობების გადახედვას მოითხოვს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.