მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ოკუპირებული რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რომელიც დღეს საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. მის განცხადებას საქართველოში აშშ-ს საელჩო ავრცელებს.

 

„10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინა. მე დღეს აქ ჩამოვედი, რათა შევახსენო ქართველ ხალხს, რომ აშშ მათ გვერდით არის და რომ მსოფლიოს ახსოვს, თუ რა მოხდა აქ. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ცნობს საოკუპაციო ხაზს როგორც საერთაშორისო საზღვარს. ჩვენ არასოდეს შევეგუებით საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევის ხარჯზე მისი ტერიტორიული საზღვრების შეცვლის მცდელობებს. საქართველოს მოსახლეობა კვლავ ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და შრომობს. ეს რეგიონები საქართველოს ნაწილს წარმოადგენენ. შეშფოთებულები ვართ საქართველოს მოქალაქეების დაკავებებით, არასათანადო მოპყრობითა და გარდაცვალების ფაქტებით და ვუთანაგრძნობთ მათ ოჯახებს. მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ მეგობრებს და მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას, გააუქმოს ამ რეგიონების „დამოუკიდებლობის აღიარება“ და გაიყვანოს საკუთარი ჯარები ომამდელ პოზიციებზე. ასევე მოვუწოდებთ რუსეთის ხელისუფლებას, ხელი შეუწყოს აქ მცხოვრები ადამიანებისთვის პირველადი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. აშშ კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.