ირანის ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა მოჰამედ ჯავად აზარი-ჯაჰრომიმ აშშ-ის პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა და „კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტი“ უწოდა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მინისტრმა Twitter-ზე გააკეთა, მას შემდეგ რაც ტრამპი თეირანს 52 სამიზნის განადგურებით დაემუქრა.

 

„როგორც ისლამური სახელმწიფო, როგორც ჰიტლერი, როგორც ჩინგიზ-ყაენი! ყველა მაგთანს კულტურები ეზიზღებათ. ტრამპი კოსტიუმში გამოწყობილი ტერორისტია. ის სულ მალე ისწავლის ისტორიას, რომ არავის შეუძლია დიდი ირანელი ხალხისა და კულტურის დამარცხება“, – წერს ჯაჰრომი.

 

5 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტი ირანს ავიადარტყმებით დაემუქრა. ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში 4 იანვარს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდა და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.