ბაღდადის ცენტრში, „მწვანე ზონაში“, აშშ-ის საელჩოსთან ახლოს რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ BBC-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აფეთქებები ქალაქიდან 80 კილომეტრში, ბალადის სამხედრო ბაზაზეც მოხდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცები არიან განთავსებულები. მომხდარს ერაყის სამხედრო მეთაურობა ადასტურებს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა Reuters-ის ცნობით, დაჭრილია 5 ადამიანი. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

 

ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა ირანელი გენერლის ყასემ სულეიმანის მოკვლის შემდეგ დაიძაბა. სულეიმანი ირანის გუშაგთა კორპუსის ქვედანაყოფის „ალ-ქუდსის“ მეთაური იყო, რომელიც უცხოეთში სადაზვერვო და შეიარაღებული სპეცოპერაციების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. ირანელი გენერალი და შეიარაღებული დაჯგუფება „ქატაიბ ჰეზბოლას“ ლიდერი აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში 3 იანვარს მოკლეს. გენერალთან გამოსამშვიდობებლად ბაღდადის ქუჩებში დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი გავიდა.

 

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანელი გენერალი ტერაქტების მომზადებაში მონაწილეობდა და ასობით ამერიკელის მკვლელობაზე პასუხისმგებელი. ირანის მთავრობამ გენერლის მკვლელობას „ომის გამოცხადება“ უწოდაო და აშშ-ს შურისძიებით დაემუქრა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.