სასამართლო პროცესები წინ არის. ვნახოთ, პროკურატურა როგორ დაამტკიცებს იმ ბრალეულობას, რომელიც წარუდგინა მიხეილ კალანდიას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს ზესტაფონში, მიხეილ კალანდიას დაკავების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

 

სარალიძის თქმით, დანაშაულში კიდევ სხვა პირებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც აუცილებლად უნდა იყვნენ პასუხისგებაში მიცემული.

 

მისივე თქმით, თვლის, რომ სამართალი აღდგენილია და ჭეშმარიტებამ იზეიმა.

 

„ვნახოთ, როგორ დაასაბუთებს პროკურატურა მიხეილ კალანდიას ბრალეულობას, შეეცდება თუ არა ისევ მის „გაპრავებას“, დაველოდოთ“,- აცხადებს ზაზა სარალიძე.

 

მისივე თქმით, ყოველთვის ჰქონდა მოლოდინი, რომ მიხეილ კალანდიას დააკავებდნენ, რადგან მისი დანაშაულში მონაწილეობა თავიდანვე ცხადი იყო.

 

ამასთან, ზაზა სარალიძის განმარტებით, ის ასევე ელოდება, რომ გამოძიებამ დაასაბუთოს, რატომ გაჭიანურდა გამოძიების პროცესი. რაც შეეხება მის შემდგომ ნაბიჯებს, სარალიძის თქმით, ის ბრძოლას აგრძელებს.

 

„მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდა და ყველა იმ ადამიანს, ვინც გადაწყვიტა, რომ სამართალმა უნდა იზეიმოს. მივესალმები ამ ნაბიჯის გადადგმას, მაგრამ სასამართლო პროცესები წინ არის. ვნახოთ, პროკურატურა როგორ დაამტკიცებს იმ ბრალეულობას, რა ბრალიც წარუდგინეს კალანდიას. იქ არაერთ პიროვნებას ჰქონდა კიდევ ჩადენილი დანაშაული და აუცილებლად ყველა უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. ბრძოლა გრძელდება და ეს არ სჭირდება მარტო ზაზა სარალიძეს და ზაზა სარალიძის შვილს, არამედ სჭირდება ჩემი შვილის მეგობრებს“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.