მომდევნო რამდენიმე დღეში მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთ მილიონს მიაღწევს, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება, - ამის შესახებ დღეს ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

 

„კორონავირუსის პანდემიის უკვე მეოთხე თვეა და ღრმად შეშფოთებული ვარ ინფექციის სწრაფი გავრცელებით გლობალურ დონეზე. ბოლო ხუთი კვირის განმავლობაში ახალი შემთხვევების რიცხვის თითქმის ექსპონენციალური ზრდა ვიხილეთ, რამაც თითქმის ყველა ქვეყანასა და ტერიტორიას მიაღწია. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დაღუპულთა რიცხვი გაორმაგდა. უახლოეს დღეებში ჩვენ მივაღწევთ 1 მილიონამდე დადასტურებულ შემთხვევას, ხოლო დაღუპულთა რიცხვი კი 50 ათასამდე გაიზრდება“, - განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.