აშშ-ში კორონავირუსის დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი, შესაძლოა, ოფიციალურ სტატისტიკას აღემატებოდეს. ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ აშშ-ის სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტისთვის ვიდეოკონფერენციის რეჟიმში მიცემული ჩვენების დროს განაცხადა.

 

ვერმონტის შტატის სენატორის, ბერნი სანდერსის კითხვას, რომ ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, სიკვდილიანობის რეალური მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკას 50%-ით აღემატება, ენტონი ფაუჩიმ უპასუხა:

 

„არ ვარ დარწმუნებული, რომ 50%-ით მეტია, თუმცა ბევრი ჩვენთაგანი მიიჩნევს, რომ კორონავირუსით სიკვდილიანობის რეალური რაოდენობა ოფიციალურ სტატისტიკას აღემატება. შესაძლოა, სახლში მყოფი ინფიცირებული ხალხი გარდაიცვალა და ისინი სტატისტიკაში არ მოხვდნენ, ვინაიდან საავადმყოფოებში გადაყვანილები არ იყვნენ. ვფიქრობ, მართალი ბრძანდებით. სიკვდილიანობის მაჩვენებელი მეტი უნდა იყოს. ზუსტად ვერ გეტყვით, თუ რამდენი პროცენტით მეტია, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს მაჩვენებელი ოფიციალურ სტატისტიკას აღემატება“.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების 1 351 200 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 80 897 ადამიანი კი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.