15 ივნისიდან დიდ ბრიტანეთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სახის დაფარვა სავალდებულო გახდება. დიდი ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის, გრენტ შეფსის განმარტებით, გამონაკლისი ბავშვებისთვის, მოხუცებისა და იმ პირებისთვის გაკეთდება, ვისაც რესპირატორული პრობლემები აქვს.

 

მისივე თქმით, საზოგადოებრივ ტრანსპორტს დამატებითი მატარებლები და ავტობუსები დაემატება, რათა ნაკლები ხალხმრავლობა იყოს უზრუნველყოფილი.

 

„საზოგადოებრივ ტრანსპორტში ორი მეტრის დისტანციის დაჭერა ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ამიტომაც, მათ, ვისაც სახლიდან შეუძლიათ მუშაობა, ვურჩევთ გააგრძელონ ამის გაკეთება“, - აღნიშნა მინისტრმა.

 

მან ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსს 176 ადამიანი ემსხვერპლა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 39 728 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.