ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრის, სალვადორ ილიას განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიის მეორე ტალღა ზაფხულში შეიძლება დადგეს.

 

მინისტრის თქმით, ესპანეთის მთავრობა მზად არის ინფექციის გავრცელების შესაძლო მეორე ტალღისთვის.

 

„ხალხი ხშირად საუბრობს სექტემბერსა და ოქტომბერზე. თუ ეპიდემიის აფეთქება მოხდება, არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის სექტემბერში ან ოქტომბერში უნდა მოხდეს და არა ახლა, ზაფხულში“, - განაცხადა ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

 

ესპანეთი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა. ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 244 ათასი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 27 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

 

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 ივნისს იწურება, რის შემდეგაც ქვეყანაში თავისუფალი გადაადგილება კვლავ დაშვებული იქნება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.