ბრიტანელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ აღმოაჩინეს წამალი, რომელიც კორონავირუსის მკურნალობაში გარღვევას მოახდენს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია პრეპარატ „დექსამეტაზონზე“. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ეს იაფფასიანი წამალი COVID-19-ისგან გამოჯანმრთელების შანსებს დაავადების მძიმე ფორმის შემთხვევაშიც სერიოზულად ზრდის.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაში 6 ათასი პაციენტი მონაწილეობდა. 2 ათასი მათგანი „დექსამეტაზონით“ მკურნალობდა და მათი შედეგები იმ 4 ათასისას შეადარეს, რომლებიც პრეპარატს არ იღებდნენ. აღმოჩნდა, რომ „დექსამეტაზონმა“ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ პაციენტებში ლეტალური დასასრულის რისკი 1/3-ით შეამცირა. იმ შემთხვევაში კი, როცა პაციენტი ჟანგბადს იღებდა, რისკი 1/5-ით შემცირდა. ამასთან, დაავადების მსუბუქი და საშუალო შემთხვევებისას „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობა გაცილებით დაბალია.

 

პრეპარატით მკურნალობა 10 დღე გრძელდება, დღეში პაციენტს 5 გირვანქა სტერლინგის ღირებულების წამლის მიღება უწევს. მეცნიერების თქმით, „დექსამეტაზონის“ ეფექტიანობის დამტკიცების შემთხვევაში, ის ძალიან სასარგებლო იქნება ღარიბი ქვეყნებისთვის.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.