ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს იმ ქვეყნების სიაზე, რომელთა მოქალაქეებს ევროკავშირის გარე საზღვრების გახსნის შემდეგ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალებათ. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამასთანავე, Euronews-მა ევროკავშირის დიპლომატიური წყაროებისგან იმ ქვეყნების სიის პროექტი მოიპოვა, რომელთა მოქალაქეებისთვისაც ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ნებადართული იქნება. აღსანიშნავია, რომ ამ სიაში საქართველოც არის.

 

წყაროებმა ასევე განაცხადეს, რომ ეჭვის ქვეშ დგება ევროკავშირის გარე საზღვრების 1-ლი ივლისისთვის გახსნა და მოლაპარაკებები კვლავ გაგრძელდება.

 

11 ივნისს ევროკომისიამ ევროკავშირში უცხოელების შესვლაზე დაწესებული აკრძალვის 1-ლი ივლისიდან მოხსნის რეკომენდაცია წარადგინა.

 

უწყებაში აღნიშნეს, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იმ სახელმწიფოების საერთო სია უნდა შეადგინონ, რომელთა მოქალაქეებისთვის ევროკავშირის გარე საზღვრები პირველ ეტაპზე გაიხსნება. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ამ შემთხვევაში მესამე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მთავარი კრიტერიუმი უნდა იყოს.

 

„იმის გათვალისწინებით, რომ მოგზაურებს, რომლებიც ევროკავშირში შემოდიან, ერთი ქვეყნიდან მეორეში თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წევრმა ქვეყნებმა შეაჯერონ თავიანთი გადაწყვეტილება და იმ მესამე ქვეყნების სია შეადგინონ, რომელთა მოქალაქეები 1-ლი ივლისიდან ევროკავშირში შემოსვლას შეძლებენ“, - განაცხადეს ევროკომისიაში.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.