აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორის, რობერტ რედფილდის განცხადებით, დაახლოებით 25 მილიონი ამერიკელი, შესაძლოა, კორონავირუსით დაინფიცირდა, რაც ოფიციალურად დადასტურებულ შემთხვევებს ათჯერ აღემატება.

 

დღეს გამართულ ბრიფინგზე რობერტ რედფილდმა აღნიშნა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით აღებულმა სისხლის ნიმუშებმა აჩვენა, რომ მილიონობით ამერიკელი, შესაძლოა, კორონავირუსით ისე დაინფიცირდა, რომ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ ან მხოლოდ მინიმალური სიმპტომები გამოუვლინდათ.

 

„ეს ვირუსი დიდი რაოდენობით ასიმპტომურ შემთხვევებს იწვევს. ჩვენ, ალბათ, დაავადების დაახლოებით 10% გამოვავლინეთ. ეს დაავადება არ დასრულებულა. ეს პანდემია არ დასრულებულა. ყველაზე ძლიერი იარაღი, რომელიც ჩვენ გვაქვს, სოციალური დისტანცირებაა“, - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

 

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსით ინფიცირების 2.43 მილიონი შემთხვევა დადასტურდა, 747 ათასი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 124 ათასი კი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.