ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-20 პაციენტი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.

 

„მასთან ერთად, გადმოიყვანეს კიდევ სამი ადამიანი. მათი მდგომარეობა მძიმე იყო. გარდაცვლილი 60 წლის ქალბატონია. სამწუხაროდ, მისი მდგომარეობა არ გაუმჯობესდა. მას ასევე თანარსებული დაავადებები ჰქონდა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

მისივე ინფორმაციით, საქართველოში ინფიცირებულთა გარდაცვალების პროცენტული მაჩვენებელი 0,54%-ია.

 

 

პაციენტი ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ის მართვით სუნთქვაზე იყო. პაციენტი მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს და მისი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.

 

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი გარდაიცვალა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3695 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 1534 ადამიანი, 20 პაციენტი კი გარდაიცვალა.

 

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.