ჯანდაცვის სამინისტრომ დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების სტატუსის შეფასების ახალი რეკომენდაციები მიიღო. ამის შესახებ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განუცხდა.

 

თამარ გაბუნიას თქმით, მსოფლიოში ეს რეკომენდაციები უკვე გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეცვლილია.

 

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხდა გაბუნიამ.

 

მისი თქმით, თუ პაციენტის ტესტირებიდან გავიდა 12 დღე და მას სიმპტომები აღარ აღენიშნება, ის გამოჯანმრთელებულად ჩაითვლება და სოციალური აქტივობისკენ დაბრუნებას განმეორებითი ტესტირების გარეშე შეძლებს.

 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 2 054 ადამიანი. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. გარდაიცვალა 31 პაციენტი.

 

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.