ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 652 ბიოლოგიური ნიმუში გაიტესტა, მათგან 15 დადებითია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას ინფორმაციით, მათგან 5 კოვიდინფიცირებული ადგილობრივია. აქედან 1 ოქროს ბირჟის ე.წ. კლასტერს განეკუთვნება, ხოლო 4 გუშინ დაინფიცირებულ რეპეტიტორთან მყოფი მოსწავლეა. არასრულწლოვნები ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მალხაზ თორიას ინფორმაციით, ქალაქის სკოლებში სწავლების დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, შესაბამისად სხვა მოსწავლეებთან მათი კონტაქტი მინიმალურია.

 

რაც შეეხება დანარჩენ შემთხვევებს, 6 კოვიდინფიცირებული საბერიოს ე.წ. კლასტერს ეკუთვნის, ერთი ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირია რომლის ინფიცირების წყაროც უცნობია. მიმდინარეობს ღრმა ეპიდკვლევა და კონტაქტების მოძიება. სამი ინფიცირებული არის უკვე დადასტურებული სენაკის შემთხვევის კონტაქტი.

 

რუხის კლინიკაში 73 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, ორი კი გამოჯანმრთელდა. 5 პაციენტის მდგომარეობა, თანმხლები დაავადებების გამო, შედარებით მძიმეა. ფოთის ცხელების ცენტრში 38 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული.

 

ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით, თვითიზოლაციაში იმყოფება 677 მოქალაქე, ხოლო კარანტინში 176 პირი.

 

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 314 ადამიანი დაინფიცირდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.