ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული 50 წლის ქალია.

 

"globalpress" - ის ინფორმაციით, მასწავლებელს ვირუსი დედისგან გადაედო, რომელიც ე.წ. ოქროს ბირჟაზე მუშაობდა.

 

ქუთაისის მე-15 საჯარო სკოლის დირექტორი, ელისო ჯიბლაძე ამბობს, რომ პედაგოგი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში სკოლაში არ დადიოდა, თვითიზოლაციაში იყო და მას მოსწავლეებთან და სხვა მასწავლებლებთან შეხება არ ჰქონია. ამასთან, დირექტორის თქმით, შემთხვევის გამო სწავლის გადადება არ იგეგმება და მოსწავლეები საკლასო ოთახებში 1 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან.

 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 314 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 270 ადამიანი, გარდაიცვალა 1 პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან 22 ინფიცირებული იმერეთიდანაა, ყველაზე მეტი - 225 კი აჭარიდან.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.