კორონავირუსით ინფიცირებული ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.

 

პრესსამსახურის განცხადებით, მას კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა და ცოტა ხნის წინ სიმსივნის გამო ოპერაცია გაიკეთა. ეს საქართველოში კორონავირუსით სასულიერო პირის გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

 

"მეუფე ლაზარე, სხვა თანმხლებ დაავადებებთან ერთად, კოვიდვირუსის გამოც მკურნალობდა. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ეპისკოპოს ლაზარეს გარდაცვალების გამო. აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დააწესოს", - წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ეპისკოპოსი ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრად 2017 წლიდან მსახურობდა.

 

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი რეკორდულად მაღალი - 3 768 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 4 055 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 41 პაციენტი გარდაიცვალა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.