დღეს, 31 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველს პირბადის მცირე ხნით მოხსნა ორჯერ მოუწევს, უარის თქმის შემთხვევაში კი არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მიეცემა

 

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილების მიხედვით, ამომრჩეველი ვალდებულია დროებით მოიხსნას პირბადე თავდაპირველად კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის პირადობის მოწმობის ან პასპორტის წარდგენის დროს, შემდეგ კი ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს.

 

დადგენილების თანახმად, ამომრჩეველი, რომელიც პირბადის მოხსნაზე უარს იტყვის, არ დაიშვება კენჭისყრის ოთახში და მასზე არ გაიცემა საარჩევნო ბიულეტენი.

 

„გასათვალისწინებელია, რომ პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო ცნობით.

 

სხვა ყველა შემთხვევაში კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება. თუ პირი არ დაიცავს პირბადის ტარებასთან დაკავშირებით დადგენილ წესებს, ის ექვემდებარება გაფრთხილებას. თუ გაფრთხილების მიუხედავად პირი გააგრძელებს პირბადის ტარების წესის დარღვევას, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვალდებულია მიუთითოს მას, რომ დატოვოს კენჭისყრის შენობა. თუ ეს პირი ნებაყოფლობით არ შეასრულებს მითითებას კენჭისყრის შენობის დატოვების შესახებ, საუბნო საარჩევნო კომისია საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მისი კენჭისყრის შენობიდან გაძევების საკითხზე“, - ნათქვამია ცესკოს დადგენილებაში.

 

ცენტრალური საარჩევო კომისიის დადგენილება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, კენჭისყრის დღეს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრას ემსახურება.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.