საფრანგეთში კორონავირუსით ჩინელი ტურისტი გარდაიცვალა. Euronews-ის ინფორმაციით, ეს ევროპაში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა.

 

„80 წლის ჩინელი ტურისტი, რომელიც პარიზის ერთ-ერთ ჰოსპიტალში 25 იანვარს მოათავსეს, გუშინ საღამოს გარდაიცვალა“, - განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ანიეს ბუზინმა.

 

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 1523-ს მიაღწია, კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 66 492-მდე გაიზარდა.

 

კორონავირუსით დაავადებული პაციენტის გარდაცვალების პირველი შემთხვევა დადასტურდა იაპონიაში. ეს ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით გარდაცვალების მესამე შემთხვევაა. კორონავირუსით დაინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ეგვიპტეშიც.

 

კორონავირუსის ეპიდემიის შესასწავლად ჩინეთში საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გაემგზავრა. მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ხელმძღვანელობს. კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2002-2003 წლებში მწვავე რესპირატორული სინდრომის მსხვერპლთა რიცხვს გადააჭარბა.

 

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს. საქართველოში ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურია.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.