ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 345 ადამიანი გარდაიცვალა, 2989 დაინფიცირდა, ხოლო 209 განიკურნა.

 

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ, ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით 26 062 ადამიანია ინფიცირებული, 2503 გარდაცვლილი და 2060 განკურნებული. იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.