ისრაელის მოქალაქეებო, თქვენ ერთი რამე მოგეთხოვებათ, დარჩით სახლებში, - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ისრაელის პრემიერის თქმით, ამიერიდან ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს სავალდებულო ხასიათი ექნება, ხოლო მათი დარღვევა ჯარიმით დაისჯება.

 

„რთულ ჟამს ვალდებული ვარ რთული გადაწყვეტილებები მივიღო. ჯანდაცვის სამინისტრომ სახლში დარჩენის განკარგულება გამოსცა. დღეს ხელი მოვაწერე რამდენიმე საგანგებო განკარგულებას, რომელიც დღეიდან ამოქმედდება. მათ შორის არის გადაადგილების შეზღუდვის შესახებ განკარგულება. ისრაელის მოქალაქეებო, თქვენ ერთი რამე მოგეთხოვებათ - დარჩით სახლებში. ეს არ არის თხოვნა, ეს არ არის რეკომენდაცია, ეს განკარგულებაა, რომელიც შესრულებისთვის სავალდებულოა. მესმის, რომ რთული იქნება, თუმცა თქვენგან თანამშრომლობას მოველი. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.