მადრიდის „რეალის“ ყოფილი პრეზიდენტი ლორენსო სანსი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა El País-ი ავრცელებს.

 

76 წლის სპორტული ფუნქციონერი 17 მარტს მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით მას კორონავირუსი დაუდგინეს.

 

ლორენსო სანსი მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტის პოსტს 1995-2000 წლებში იკავებდა. მისი პრეზიდენტობის დროს „რეალმა“ ორჯერ ჩემპიონთა ლიგა (1998, 2000) და ერთხელ ესპანეთის ჩემპიონატი (1996/97) მოიგო.

 

ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 25 496 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 1381 ადამიანი გარდაიცვალა, 2125 კი განიკურნა.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.