საქართველო ვიზალიბერალიზაციის პირობებს ასრულებს, თუმცა ზოგიერთ სფეროში დამატებითი ზომების გატარებაა საჭირო, - ამის შესახებ ნათქვამია დასავლეთ ბალკანეთისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წევრი ქვეყნების მიერ უვიზო მიმოსვლისთვის დადგენილი მოთხოვნების შესრულების შეფასებაში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

 

ანგარიშში აღნიშნულია ის საკითხები, რომლებთან მიმართებაშიც საჭიროა შემდგომი ზომების მიღება. კერძოდ, იმ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობის გაძლიერება, სადაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის დაუსაბუთებელი მოთხოვნის მაჩვენებელი ოდნავ შემცირდა; სასაზღვრო კონტროლის გაძლიერება; უვიზო მიმოსვლის უფლებებზე და ვალდებულებებზე საინფორმაციო კამპანიის ორგანიზების გაგრძელება; ქართული ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისთვის სამართალდამცველ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების გაგრძელება; დანაშაულის ანალიზის ერთიანი სისტემის შექმნა; ანტიკორუფციული ჩარჩოს გაძლიერების გაგრძელება.

 

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ ზომები მიიღო პირველ ანგარიშში გამოვლენილ გამოწვევებთან მიმართებაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ოპერატიული თანამშრომლობა გაზარდა. ასევე მიღებული იყო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული უკანონო მიგრაცია. ასევე აღნიშნულია საქართველოს პროგრესი 2016-2020 წლების მიგრაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.