„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა და ევროკავშირმა საუდის არაბეთს ჟურნალისტის ჯამალ ჰაშქაჯის გაუჩინარების დაუყოვნებლივი გამოძიებისკენ მოუწოდეს. ამის შესახებ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისა და საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

 

„ჰაშქაჯის გაუჩინარებაში დამნაშავე პირები პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ვიმედოვნებთ, რომ საუდის არაბეთი სანდო, გამჭირვალე და დაუყოვნებლივ გამოძიებას ჩაატარებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან, The New York Times-ის ინფორმაციით, საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილი პირები საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის მუჰამედ იბნ სალმანის გარემოცვის წევრები არიან.

 

წარმოშობით საუდელი ჟურნალისტი ჯამალ ჰაშქაჯი ერ-რიადის მიმართ კრიტიკული განცხადებებით არის ცნობილი. 2017 წელს მან სამშობლო დატოვა და საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს ის სტამბოლში, საუდის არაბეთის გენერალურ საკონსულოში მივიდა, იმის შემდეგ რაც საკონსულოს თანამშრომლები მას ტელეფონით დაუკავშირდნენ და გარკვეული დოკუმენტების ხელმოწერის მიზნით საკონსულოში მისვლა სთხოვეს. ჰაშქაჯი საკონსულოში საცოლესთან ერთად მივიდა, თუმცა ის შენობაში არ შეუშვეს. შესვლიდან 5 საათის შემდეგ საკონსულოში ჟურნალისტის საცოლეს განუცხადეს, რომ ჰაშქაჯი უკვე წავიდა. ჟურნალისტის ოჯახი და მეგობრები ვარაუდობენ, რომ ჯამალ ჰაშქაჯი საუდის არაბეთის საკონსულოშია მოკლული.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.