Global Press

Georgia

Global PressGlobal PressGlobal PressGlobal Press

USD
2.6984
EUR
3.0246
RUR
0.0421
GBP
3.4912

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა საფრანგეთში, ქალაქ სტრასბურგში მიმდინარე ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომაში მონაწილეობს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

 

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Georgia Parliamentary Association Committee) შედგება საქართველოს პარლამენტის წევრების და ევროკავშირის პარლამენტის წევრებისაგან. მისი მთავარი მიზანია, ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

საკომიტეტო მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაზე ენერგეტიკის სექტორის რეფორმირების მიმართულებით. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციას, აღნიშნულ პროცესში ევროკავშირის უფრო ძლიერი ჩართულობა კი უაღრესად მნიშვნელოვანია. ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე ენერგეტიკული რეფორმა საქართველოში მიზნად ისახავს ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდებას, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობას, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებას და სხვა.

 

მინისტრის მოადგილემ ევროკავშირის პარლამენტის წევრებს გააცნო ენერგეტიკის სექტორში საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მომზადდა საქართველოს ენერგეტიკულ კანონმდებლობაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს მიერთებით აღებული ვალდებულებების იმპლემენტაციიდან გამომდინარე. მათ შორისაა, კანონპროექტი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, ასევე ენერგოეფექტურობის, შენობების ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ კანონპროექტები. მან ყურადღება გაამახვილა იმ მნიშვნელობაზე, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება ანიჭებს ენერგეტიკული გაერთიანების ფარგლებში დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებს. ნათია თურნავას თქმით, მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში ევროპული სტანდარტების დამკვიდრება, რაც, პირველ რიგში, ადგილობრივ ენერგეტიკულ ბაზარს კიდევ უფრო ლიბერალურსა და კონკურენტუნარიანს გახდის.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი უკვე მოწონებულია მთავრობის მიერ და განსახილველად პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩარჩო კანონპროექტზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, რომელიც ევროკავშირის ზემოხსენებული სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს: საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობას და ბაზრების გახსნას, ასევე მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნების სათანადო დაცვას.

 

ზემოხსენებული კანონპროექტით გათვალისწინებული რეფორმების თანახმად, ენერგეტიკული რესურსების მომხმარებელს ექნება საშუალება, არჩევანი გააკეთოს კონკურენტულ მიმწოდებლებსა და პირობებზე, რომლითაც მათგან შეიძენს ელექტროენერგიას ან/და ბუნებრივ გაზს. ნათია თურნავას განცხადებით, ეს საქმიანობა იქნება კონკურენტული და სრულიად დერეგულირებული. ამავდროულად, ელექტროგადამცემ და გაზის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საქმიანობა, დარეგულირდება დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი კომისიის მიერ.

 

ამასთან, ხაზი გაესვა ევროკავშირთან საქართველოს ნაყოფიერ თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც კვლავ მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა „ევროკავშირი ენერგეტიკისთვის“ (EU4Energy) პროგრამის მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი შემადგენელი დამხმარე მექანიზმია ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთან სრულყოფილი წევრობიდან გამომდინარე. აღნიშნული კომპონენტი საკმაოდ მნიშვნელოვანია წარმატებული რეფორმებისა და ენერგეტიკული სექტორის გარდამავალი პერიოდის მდგრადი განვითარებისათვის.

საფინანსო შეთანხმების „უნარების განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში, საქართველო ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც დაანონსებულია.

 

„ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ კი, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ბუნებრივია, ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას, გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი, როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, ევროკომისრებთან ერთად განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები. პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი“,- განაცხადა ბახტაძემ.

 

პრემიერის თქმით, „სასიხარულოა, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე და ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით - Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა .

 

„მე მინდა თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო. ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, რათა აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც შევძლებთ სამომავლოდ ევროპის ბაზარზე. ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ექსპორტის განვითარების არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, არამედ ამავე დროს, სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა ქართველი ხალხის სახელითაც გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს.

 

„მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე“, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის ის მოკლე გზა, ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც იცით, რომ პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი”,- განაცხადა პრემიერმა.

ევროპარლამენტმა საგარეო საკითხთა კომიტეტის ანგარიში დაამტკიცა, რომელიც ევროკომისიას და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, ოფიციალურად შეაჩეროს თურქეთთან მოლაპარაკება ამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ანგარიშის ავტორი კატი პირი წერს.

 

„ევროპარლამენტმა ახლახან დაამტკიცა ჩემი ანგარიში თურქეთთან დაკავშირებით, მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, ოფიციალურად შეწყვიტონ მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე და სოლიდარობა გამოხატონ თურქი დემოკრატებისადმი“, - წერს პირი.

 

კომიტეტმა თავისი გადაწყვეტილების არგუმენტად დაასახელა ის, რომ თურქეთში უარყოფილია ადამიანის უფლებები და სამოქალაქო თავისუფლება, ხდება ზეწოლა სასამართლო სისტემაზე, გადაუწყევეტელია დავები კვიპროსთან და სხვა მეზობლებთან.

დიდი ბრიტანეთის Brexit-ის საკითხზე პოზიციასთან შედარებით, სფინქსის საიდუმლო ღია წიგნია, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა.

 

„თუ დიდ ბრიტანეთს სფინქსს შევადარებ, მაშინ სფინქსის საიდუმლო ღია წიგნად მოგეჩვენება. ვნახოთ რას იტყვის ეს სფინქსი შემდეგ კვირას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

 

შეგახსენებთ, რომ 21-22 მარტს გამართულ ევროკავშირის სამიტზე გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღი 22 მაისამდე გადავადდეს იმ პირობით, თუ ბრიტანეთის პარლამენტი დაამტკიცებს ევროკავშირსა და ლონდონს შორის მიღწეულ შეთანხმებას.

გვსურს, საქართველომ განავითაროს შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის. ხორციელდება რეფორმები უკეთესი მომავლისთვის და ჩვენ ამას მივესალმებით, - ამის შესახებ ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

„მინდა, ვისაუბრო ჩვენს ღრმა და ინტენსიურ ურთიერთობებზე. ჩვენ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაკავშირებს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირი საქართველოსთვის ყველაზე მსხვილი საექსპორტო ბაზარია, რაც ჩვენს ურთიერთობაში უზარმაზარი წარმატებაა. თუმცა, ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია და სწორედ ამიტომ ვიმყოფები საქართველოში. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას განვიხილე ის პერსპექტივები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ, რათა ქართველმა მეწარმეებმა უკეთ იცოდნენ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ ევროკავშირის ბაზარმა და უკეთესი წვდომა ჰქონდეთ ევროკავშირის ბაზარზე“, - განაცხადა ევროკომისარმა.

 

მისივე თქმით, ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება მნიშვნელოვანია.

 

„ეს განზრახვები უნდა გადაიზარდოს საქართველოში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში. ევროკავშირიდან საქართველოში უკვე ხორციელდება ინვესტიციები და გვინდა, მისი მასშტაბები მომდევნო წლებში კიდევ უფრო გაიზარდოს, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ და მეტი კონსოლიდაცია შემოვიტანოთ საქართველოს საინვესტიციო კლიმატში, რომ ჩვენი საქმიანობა მრავალფეროვანი, დივერსიფიცირებული გახდეს და ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნას სამუშაო ადგილები.

 

ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოდან უკვე ბევრი პროდუქტი იმკვიდრებს ადგილს ევროკავშირის სავაჭრო დახლებზე და კიდევ უფრო მეტის ნახვა გვსურს. ჩვენ საკრედიტო საშუალებებს ვაწვდით საქართველოს მეწარმეებს, ფერმერებს. უკვე გამოიყო 80 მილიონი ევრო, რომლითაც ათასობით ფერმერი სარგებლობს და იქმნება ახალი სამუშაო ადგილები“,- განაცხადა მალმსტრომმა.

 

სესილია მალმსტრომის შეფასებით, „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე უკვე კარგად ფუნქციონირებს, თუმცა მუდმივად საჭიროებს ზრდა-განვითარებას“.

 

„ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რეფორმები. ვიმედოვნებთ, დემოკრატიული რეფორმები მომავალშიც გაგრძელდება და საქართველო კვლავაც ისარგებლებს იმ უპირატესობით, რაც დაკავშირებულია ჩვენს საერთო ღირებულებებთან. ეს განწყობა უნდა შენარჩუნდეს, ყველა მნიშვნელოვანი აქცენტი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში გაკეთდა, უნდა იყოს გათვალისწინებული და მოსახლეობისა და ინვესტორების მხრიდან რეფორმებისადმი სრული ნდობა არსებობდეს“,- აღნიშნა ევროკომისარმა.

 

ევროკომისრის თქმით, მას სურს საქართველომ განავითაროს ახალგაზრდობისთვის შესაძლებლობები.

 

„არსებობს უფრო მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა. ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ საშუალება, უვიზო მიმოსვლით ისარგებლონ, მეტი ეკონომიკური ინტეგრაციის საშუალებას იძლევა. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ბიზნესასოციაციასთან განვიხილავ ქვეყანაში ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებს“, - განაცხადა ევროკომისარმა.

ევროპარლამენტმა დღეს მიღებული რეზოლუციით აღიარა, რომ რუსეთი ჩინეთთან, ირანთან და ჩრდილოეთ კორეასთან ერთად, ევროპაში დეზინფორმაციის მთავარი წყაროა. დოკუმენტს მხარი დაუჭირა 489 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 148, 30-მა დეპუტატმა კი თავი შეიკავა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

ევროპარლამენტი რეზოლუციით გმობს ამ ქვეყნების ყველა აგრესიულ ქმედებებს, რომლებიც „ცდილობენ საფრთხე შეუქმნან ევროპული დემოკრატიის საფუძველსა და პრინციპებს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს“.

 

აღნიშნული დოკუმენტით, ევროპარლამენტარები წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, სამართლებრივი ბაზის შექმნის საკითხი განიხილონ როგორც ევროკავშირის, ისე საერთაშორისო დონეზე ჰიბრიდული ომების დასაძლევად.

 

რეზოლუციით ევროპარლამენტარები გამოდიან მოწოდებით, მოხდეს ცნობიერების ამაღლება რუსეთის სადეზინფორმაციო კამპანიის შესახებ. ისინი ევროკავშირს მოუწოდებენ, გააფართოვოს სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში თავისი ოპერატიული ჯგუფი სრულფასოვან სტრუქტურად, რომელიც 2015 წელს შეიქმნა, რათა მოაგვაროს რუსეთის მტრულ პროპაგანდასთან დაკავშირებული პრობლემა.

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სახეზეა პოლიტიკური და დემოკრატიული კრიზისი.

 

„ბრიტანელი პოლიტიკოსები ვერ ახორციელებენ იმას, რასაც ხალხი ითხოვს მათგან. ხალხმა მხარი დაუჭირა Brexit-ს, ახლა კი სიტუაციაა, როდესაც ბრიტანული პარლამენტი ამბობს: „მხარს არ დავუჭერთ შეთანხმებას, რომელზეც მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა“. ეს პოლიტიკურ და დემოკრატიულ კრიზისზე მეტყველებს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

 

ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ბრიტანელებმა უნდა აღმოფხვრან ყველა ის გაუგებრობა, რომელიც თვითონ შექმნეს“.

 

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შესაძლო ხისტი Brexit-სთვის მოემზადნენ. თუ ბრიტანეთის პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ბრიუსელსა და ლონდონს შორის დადებულ შეთანხმებას, მაშინ 12 აპრილამდე საკუთარი წინადადებები უნდა წარმოგვიდგინონ“, - აღნიშნა მან.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტი ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლის ვადის გადავადებას დღეს უყრის კენჭს.

 

დიდი ბრიტანეთის მთავრობაში განაცხადეს, რომ საუბარი შეიძლება იყოს მოკლევადიან გადავადებაზე ან კიდევაც ეს გადავადება შესაძლოა, უფრო ხანგრძლივი აღმოჩნდეს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული დაუჭერს თუ არა მხარს პარლამენტი დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის მიღწეულ შეთანხმებას Brexit-ის თაობაზე 20 მარტამდე.

 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა უკვე ორჯერ არ დაუჭირა მხარი ამ შეთანხმებას.

 

იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მხარს დაუჭერს Brexit-ის შესახებ შეთანხმებას, მაშინ 29 მარტისთვის დაგეგმილი გასვლა 30 ივნისისთვის იქნება გადავადებული.

 

თავის მხრივ ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ პარლამენტარები მხარს არ დაუჭერენ შეთანხმებას, საჭირო იქნება უფრო ხანგრძლივი გადავადება.

ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის მაღალჩინოსნებთან ბრექსითის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით კონსენსუსს მიაღწია. შეთანხმებას კენჭი დღეს ბრიტანეთის პარლამენტში უნდა უყარონ, თუმცა, როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, თუ შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს პარლამენტი, ბრიტანეთს ამ შეთანხმების გადახედვის მესამე შანსი აღარ ექნება.

 

თავის მხრივ, ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი ჯერემი კორბინი აცხადებს, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა და ტერეზე მეის მიერ დაპირებული ცვლილებები სინამდვილეში შეთანხმებაში არ არის ასახული.

 

შეგახსენებთ, ბრექსითთან დაკავშირებით ევროკავშირთან მიღწეულ წინა შეთანხმებას მხარი ბრიტანეთის პარლამენტმა არ დაუჭირა, ვინაიდან იგი მოიცავდა სადავო საკითხებს, მათ შორის ირლანდიის საზღვარზე სასაზღვრო-გამშვები პუნქტის განთავსებას.

10%-ით ნაკლები იქნება თუ 15-ით, ევროპასთან ვაჭრობა ისედაც ძალიან მცირეა, - ამის შესახებ ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.

 

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომი ადგილობრივ ბიზნეს სექტორს ხვდება, რომლის დაწყებამდეც ჭუმბურიძემ ჟურნალისტებთან "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორედ ევროპასთან ვაჭრობის თემატიკას ეძღვნება.

 

„დღეს ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, ქართული ბიზნესი ხვდება ევროკომისარს ვაჭრობის საკითხებში, სესილია მალმსტრომს და ევროპასთან ვაჭრობის თემატიკაზეა საუბარი და რიგი საკითხების განხილვა. რაც შეეხება "საქსტატის" მონაცემებს, პირდაპირ გეტყვით, 10 პროცენტით იქნება ნაკლები თუ 15-ით, პრაქტიკულად ისედაც ძალიან მცირეა ევროპასთან ვაჭრობა. ჩვენ როგორ ვიყენებთ ევროპასთან ვაჭრობას და თავისუფალ მიმოსვლას ბიზნესის განვითარებისთვის, ეს ცოტა რთული თემაა, ვინაიდან ჩვენი პროდუქცია უნდა იყოს მაღალხარისხოვანი და რა თქმა უნდა, ვაჭრობის გაზრდის პერსპექტივაც არის. სწორედ იმაზე ვმუშაობთ, ბიზნესი დღითიდღე უფრო დაინტერესებული და მოტივირებული იყოს და სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან გაიზარდოს. თუმცა განსაკუთრებული და მაღალი მაჩვენებელი არასდროს ყოფილა მას შემდეგ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, ხოლო გაზრდის პერსპექტივა არის და ერთია, მთავრობა როგორ შეუწყობს ამას ხელს, ხოლო მეორე - ბიზნესი როგორ განავითარებს ამ შესაძლებლობებს", - აღნიშნა ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა მდივანმა.

 

მისი თქმით, ბიზნესის ისეთ მიმართულებებს უნდა შეეწყოს ხელი, რომლებიც მძლავრად წარმოჩინდებიან ადგილობრივ ბაზარზე და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათ მიერ ევროპის ბაზარზე რაიმე ნიშის დაკავების შესახებ ფიქრი. „ადგილობრივ ბაზარზე ერთადერთი მიმართულება, ძალიან წარმატებული სექტორი არის ღვინის სექტორი. სხვა ძალიან სუსტადაა წარმოდგენილი და ადგილობრივი ბაზარი ტესტია იმისა, შეიძლება თუ არა დაიკავო მოკრძალებულო ნიშა ევროპულ ბაზარზე“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

ევროკავშირისა და რუსეთის ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია.

 

„ევროპარლამენტი კვლავ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევ მხარდაჭერას. ევროპარლამენტი რუსეთისგან მოითხოვს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და სრულად სცეს პატივი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროპარლამენტი ხაზს უსვამს იმის აუცილებლობას, რომ რუსეთმა უპირობოდ შეასრულოს 2018 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დებულებები და საქართველოდან ჯარების გაყვანის შესახებ ნაკისრი ვალდებულება“, - ნათქვამია რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება.

 

რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ გმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის წარმომადგენლების მიერ განხორციელებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებს.

პარლამენტი თუ Brexit-ის შეთანხმებას არ დაამტკიცებს, დიდი ბრიტანეთი შესაძლოა, ვერასდროს გავიდეს ევროკავშირიდან,- ამის შესახებ პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

 

"მომავალ კვირას ვესტმინსტერში პარლამენტის წევრები გადამწყვეტი არჩევანის წინაშე დადგებიან: მხარი დაუჭირონ შეთანხმებას, თუ უარი თქვან მასზე. მხარი დაუჭირეთ მას და დიდი ბრიტანეთი დატოვებს ევროკავშირს. უარყოფთ მას და არავინ იცის, რა მოხდება.

 

ჩვენ შესაძლოა, ევროკავშირიდან მრავალი თვის განმავლობაში ვერ გავიდეთ. შესაძლოა, გავიდეთ ყოველგვარი დაცვის გარეშე, რომელსაც ეს შეთანხმება უზრუნველყოფს. ან შესაძლოა, საერთოდ ვერასდროს გავიდეთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა.

 

მეი ევროკავშირის მოუწოდებს, საბოლოო შეთანხმების მისაღწევად ყველაფერი გააკეთონ.

 

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 29 მარტს უნდა დატოვოს, თუმცა ბრიტანეთის მთავრობასა და ბრიუსელს შორის პირობებზე საბოლოო შეთანხმება ჯერ არ მიღწეულა.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

არქივი

« « » » აპრილი 2019
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30

ამინდი

Clear

0°C

თბილისი

Clear

სინესტე: 65%

ქარი: 9.66 km/h

  • 04 იანვარი 2019

    ნაწილობრივ ღრუბლიანი 7°C 0°C

  • 05 იანვარი 2019

    უმეტესად ღრუბლიანი 7°C 0°C

ბლოგერები

Global Press
ვალოდია ჯინჭარაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
გიორგი გიორგაძე
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი
Global Press
მერაბ ცაავა
ბლოგერი
იხილეთ ბლოგი

ყველა ბლოგერი

ჟურნალისტური გამოძიება

ყველა გამოძიება

გამოკითხვა

საქართველოში, პროსტიტუციის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს თუ არა?