საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ხელოვნების სახვით მუზეუმში გამართულ ღონისძიებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდამჭერი პროექტის - „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერა“ (Association Agreement Facility) დასკვნით ნაწილს მიეძღვნა.

 

როგორც „გლობალპრესს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში აღნიშული პროექტის საქმიანობის ძირითადი მიღწევები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა აღნიშნული პროექტის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე და იმ სიკეთეებზე, რომელიც საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესს მოაქვს.

 

საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს რეფორმების განხორციელებას და აქვს ამბიციური გეგმა, გააკეთოს იმაზე მეტი, ვიდრე მისგან ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება მოითხოვს. ამ კონტექსტში, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის მნიშვნელობაზე.

 

საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა პროექტის ხელმძღვანელს, იოლანტა ტაჩინსკას და მთელს გუნდს პროექტის წარმატებით დასრულებისთვის. დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, განაგრძოს საქართველოს მთავრობის დახმარება ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

 

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ევროკავშირის პროექტი რომელიც განხორციელდა საქართველოს სხვადასხვა ინსტიტუტების დახმარების თვალსაზრისით, ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით. პროექტი მოიცავდა ისეთ მიმართულებებს როგორიცაა საკანონმდებლო ჰამრონიზაცია, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, სტრატეგიული კომუნიკაციის კოორდინაცია, დახმარების თვალსაზრისით ევროკავშირთან ერთობლივი საქმიანობის განხორციელება და რა თქმა უნდა ხელის შეწყობა საგზაო რუკის შემუშავებასთან დაკავშირებით. პროექტი იყო ძალიან ეფექტური. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ მიმართულებით გვაქვს ხელშესახები შედეგი და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ევროკავშირი მომავალში კიდევ გააგრძელებს მსგავს პროექტებს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული პროექტის ბიუჯეტი 2.3 მლნ. ევროს შეადგენს და იგი უმთავრესად საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერას, კერძოდ, ასოცირების შეთანხმების და ვიზა ლიბერალიზაციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების ხელშეწყობას ემსახურება.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირინე ფრუიძემ და პროექტის ხელმძღვანელმა იოლანტა ტაჩინსკიმ.

 

დასკვნით ცერემონიას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მთავრობის ადმინისტრაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.