დიდი ბრიტანეთის დედოფლისა და სამეფო ოჯახის სხვა წევრების ევაკუაცია ლონდონიდან მოხდება იმ შემთხვევაში, თუ Brexit-ი ქვეყნის დედაქალაქში არეულობას გამოიწვევს. ამ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Guardian-ი The Sunday Times-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სამეფო ოჯახის ევაკუაციის გეგმა დიდი ბრიტანეთის მთავრობამ შეიმუშავა და ის Brexit-ით გამოწვეული "განსაკუთრებული სიტუაციის" შემთხვევაში ამოქმედდება. როგორც ბრიტანული მედია იუწყება, ექსტრემალური ევაკუაციის გეგმა ჯერ კიდევ ცივი ომის დროიდან არსებობდა, ამ ეტაპზე კი "Brexit-ით გამოწვეული შესაძლო სამოქალაქო არეულობა და ამით გამოწვეული შედეგები ჩაემატა."

 

ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეთა უკმაყოფილების მიზეზი შესაძლოა გახდეს ქვეყნის სუპერმარკეტებში საკვები პროდუქტების დეფიციტი, რადგან პროდუქციის თითქმის მესამედით დიდ ბრიტანეთს ევროკავშირი ამარაგებს.

 

Brexit-ის შედეგად ქვეყანაში შესაძლო არეულობის სცენარზე დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტთან არსებულმა განსაკუთრებულ სიტუაციათა სამდივნომ იმუშავა. ამ სტრატეგიის მიხედვით, დედოფალ ელისაბედსა და მის მეუღლეს, პრინც ფილიპს ლონდონიდან მოშორებით, საიდუმლო ადგილზე გადაიყვანენ. ანალოგიური მეთოდით უნდა მომხდარიყო სამეფო ოჯახის ევაკუაცია რამდენიმე ათეული წლის წინაც, თუ საბჭოთა კავშირი დიდი ბრიტანეთზე ბირთვულ თავდასხმას განახორციელებდა.

 

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

 

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი 2019 წლის 29 მარტს უნდა დატოვოს.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.