საფინანსო შეთანხმების „უნარების განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში, საქართველო ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას მიიღებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ევროკომისარ სესილია მალმსტრომთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც დაანონსებულია.

 

„ევროკომისართან და მის გუნდთან ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო გავაღრმავოთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, კერძოდ კი, რა თქმა უნდა, მე ვგულისხმობ სავაჭრო ურთიერთობას. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ ნიშნულზე არასდროს ყოფილა და ბუნებრივია, ამ ურთიერთობების დინამიკაში განსაკუთრებული როლი ჰქონდა ისტორიულ შეხვედრას, გასული წლის 21 ნოემბერს, როდესაც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთვის შექმნა ფორმატი, როდესაც ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, ჩვენს მეგობრებთან, ჩვენს პარტნიორებთან ბრიუსელში, ევროკომისრებთან ერთად განგვეხილა დამატებითი პერსპექტივები საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ რამდენიმე წელია, ვსარგებლობთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით და უკვე გვაქვს ძალიან კონკრეტული და კარგი შედეგები. პირველ რიგში, მინდა ყურადღება გავამახვილო იმ დინამიკაზე, რომელიც გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში. სწორედ ევროკავშირია საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორი და განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ჩვენი ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება ევროკავშირის ბაზარზე და ამავე დროს ფართოვდება საექსპორტო პროდუქციის ასორტიმენტი“,- განაცხადა ბახტაძემ.

 

პრემიერის თქმით, „სასიხარულოა, რომ 800-მდე ქართული კომპანიაა წარმოდგენილი ევროპის ბაზარზე და ისინი თავიანთ პროდუქციას ყიდიან წარწერით - Made in Georgia, რაც განსაკუთრებით საამაყოა .

 

„მე მინდა თითოეულ ამ კომპანიას მადლობა გადავუხადო. ჩვენს მეწარმეებს ეზრდებათ მოტივაცია, რათა აწარმოონ ევროპული ხარისხის უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ევროკავშირის ხარისხის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს და უკვე ევროპულ ბაზარზე შეგვიძლია გავიტანოთ ქართული თაფლი და შავი ზღვის თევზი. ამასთან ერთად, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ პროდუქციის ახალ სიაზე, რომლის გატანასაც შევძლებთ სამომავლოდ ევროპის ბაზარზე. ევროკომისიის დახმარებით, შევიმუშავეთ საქართველოს ექსპორტის განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს კონკრეტული პროდუქტების ევროკავშირის ბაზარზე განთავსების სამოქმედო გეგმას. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი მიდგომა, რომ ჩვენ გვქონდეს ჩვენი ექსპორტის განვითარების არა მხოლოდ ზოგადი სტრატეგია, არამედ ამავე დროს, სამოქმედო გეგმა თითოეული პროდუქტის მიხედვით“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

მამუკა ბახტაძემ ევროკავშირს მადლობა ქართველი ხალხის სახელითაც გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რომელსაც ევროკავშირი ახორციელებს.

 

„მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო ევროკავშირს იმ დახმარებისათვის, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იღებს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შეთანხმების განხორციელების პროცესში, ასევე იმ ხელშეწყობისთვის, რომელსაც იჩენს ევროკავშირი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ, რაც პირდაპირ აისახება მოსახლეობის დასაქმებასა და ეკონომიკურ ზრდაზე. ამ მიმართულებით, მინდა გამოვყო საფინანსო შეთანხმება „უნარების განვითარების მხარდაჭერაზე“, რომლის ფარგლებშიც, საქართველო მიიღებს ევროკავშირის მხრიდან თითქმის 50 მილიონ ევრომდე დახმარებას. ჩვენი მოსახლეობის დასაქმება, ჩვენი მთავრობის მთავარი საზრუნავია, პროფესიული განათლება კი არის ის მოკლე გზა, ამ გამოწვევის დაძლევისკენ. შესაბამისად, ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია იმ ეროვნული მნიშვნელობის რეფორმასთან, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ განათლების სექტორში და სადაც იცით, რომ პროფესიულ განათლებას აქვს განსაკუთრებული ადგილი. ჩვენ ყველა რესურსს მივმართავთ იმისკენ, რომ განათლება გახდეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დომინანტი სექტორი”,- განაცხადა პრემიერმა.

ავტორი:Global Press
ელ-ფოსტა:ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript.